მოწამეთა

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 24 янв 2023
  • მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი ქუთაისიდან 6 კმ-ში, მდინარე წყალწითელას ხეობაში მდებარეობს. იქ მოსახვედრად ქალაქის ცენტრიდან 15 წუთიც საკმარისია. მონასტერში მისულებს გარდა არქიტექტურული სანახაობისა, დაგხვდებათ ულამაზესი ბუნება. მოწამეთას სამონასტრო კომპლექსს გარს აკრავს ულამაზესი ხეობა, სადაც მიედინება მდინარე წყალწითელა. მდინარეს ეს სახელი იქ არსებული წითელი ქანების გამო ეწოდა, რის გამოც, მდინარეში წითელი შეფერილობის წყალი მიედინება.
    მოწამეთის მონასტერი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია, საქართველოს ძველი ისტორიის ბრწყინვალე მღაღადებელი, თავის წარმტაცი ხატოვანი ბუნებით წარუშლელ შთაბეჭდილებას რომ ტოვებს მნახველზე. იგი მდინარის მიერ შექმნილი ნახევარკუნძულია და ყოველი მხრიდან ციცაბო კლდეებითაა დაცული. გალავნით შემორტყმული კლდოვანტყიანი მთის დაკავებულ ადგილზეა გაშენებული, ბუნება აქ ღარიბი არაა, განსაკუთრებით გაზაფხულზე. როცა მწვანე სამოსში გაეხვევა ირგვლივ მდებარე მთა-გორები, მაგრამ მაინც პირქუში იერი აქვს. სამი მხრივ ამ ადგილს მდ. წყალწითელა უვლის გვერდს. წყალწითელას ხეობა ისტორიულად ერთ-ერთ დაწინაურებულ მხარეს წარმოადგენდა და უდიდეს როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ამას ადასტურებს აღნიშნული ხეობის ძეგლები, რომელთა შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მოწამეთის ხუროთმოძღვრულ კომპლექსს. ერთ-ერთი ადრეული ცნობა მისი სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ დაცულია უცნობი ავტორის ’’დავითისა და კონსტანტინეს მარტვილობაში’’, სადაც აღნიშნულია, რომ წყალწითელი ერთ დროს ერის სიმრავლით გამორჩეულ ციხე-ქალაქს წარმოადგენდა.
    მოწამეთას მონასტერი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ძეგლია. გალავნით შემორტყმული მონასტერი კლდოვან-ტყიან მთის დაკავებულ ადგილზეა გაშენებული, მონასტრის გარშემო მყოფ ბუნებაზე მოგზაური ალექსეი მურავიოვი ამბობდა: „შეუძლებელია უკეთესი ადგილის შერჩევა საბერ-მონაზვნო განმარტოებისთვის“.
    მონასტრის დაარსების ისტორია არგვეთის მთავრების - დავით და კონსტანტინე მხეიძეების სახელს უკავშირდება. VIII ს-ში, როცა საქართველოს მურვან ყრუ შემოესია, მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწევიათ არაბთა სარდლისთვის. დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, ძმებმა ვერ შეაჩერეს ურიცხვი მტერი და დამარცხდნენ. არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ შეპყრობილ ერისთავებს ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. განრისხებულმა სარდალმა დიდი ტანჯვა მიაყენა ძმებს, მაგრამ მათ საშინელი წამება გმირულად აიტანეს. ეკლესიამ ისინი წმინდანად შერაცხა. მათი წმინდა ნაწილები თვდაპირველად ხარების დანგრეულ ეკლესიაში იყო დასვენებული.
    XI ს-ში ბაგრატ III ააშენა დანგრეული ეკლესია და მასში გადაასვენა წამებული გმირები. თავდაპირველად ტაძარი უგუმბათო იყო. 1844-65 წლებში იმერეთის ეპისკოპოსის დავით წერეთლის ხელმძღვანელობით ლევან, მოსე და ფილიპე ბერიკაშვილებმა შეაკეთეს და გააფართოეს მოწამეთას ეკლესია. ამ დროს დაედგა ტაძარს გუმბათი, დაიგო ქვის იატაკი, შეიცვალა კანკელი.
    XX ს-ში, კომუნისტური ხელისუფების ქვეყნის სათავეში მოსვლიდან ცოტა ხანში -1923 წელს, მონასტერი დაიხურა. ამავე წელს, სერგო ორჯონიკიძის ბრძანებით, სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა ცხედრები აკლდამიდან ამოიღეს და გზა-შარაზე და ქუჩა-ქუჩა ათრიეს. ხოლო შემდეგ, ისევე, როგორც პირველი წამებისას, წყალში გადაყარეს. ადგილობრივ ქრისტიანთა მართლაც გასაოცარი თავდადებით, წმიდანთა სხეულები საბოლოო განადგურებას გადარჩა. ისინი ქუთაისის მუზეუმში გადაიტანეს.
    მოწამეთას ეკლესია კვლავ მოქმედი გახდა 1954 წელს, რაზეც მიუთითებს დასავლეთის მოსაცდელში დაცული წარწერა. მასში მოხსენიებულია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელი, ქუთაისის ’’მწვანეყვავილას’’ მთავარანგელოზის ტაძრის დეკანოზი ნაომი შავიანიძე (შემდგომში ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი), მღვდელი სულაკაძე, რომელთა ძალისხმევითაც აღდგა წირვა-ლოცვა. ამ დროს გადაასვენეს დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ქუთაისის მუზეუმიდან მათ სამკვიდრებელში - მოწამეთას მონასტერში.
    მონასტერს, მოწამეთა, მოწამეობრივად აღსრულებული ძმების, დავით და კონსტანტინეს გამო ეწოდა.
    მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია ’’შიშიანობის’’ დროიდან გადარჩენილი ორი კოშკის ნაშთი. ერთი მათგანი ტაძრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთითაა, ხოლო მეორე - ჩრდილო-აღმოსავლეთით. ამ კოშკების აღწერილობა 1884 წელს გამოქვეყნდა ჟურნალი ’’მწყემსის’’ 11ე ნომერში, სადაც აღნიშნულია, რომ მათ კედლებში ყოფილა ვიწრო სანათურები და სათოფურები. ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკში გამართული იყო სანახები, სადაც ინახებოდა მონასტრის ძვირფასი ნივთები.
    მონასტერი ქვის გალავნით არის შემოსაზღვრული. მის ეზოში დასაფლავებული დაკრძალული არიან XIX-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირები. ტაძრის დასავლეთ მხარეს ძველი ეკლესიის ნანგრევებზე აშენებულია წაგრძელებული ფორმის წინამძღვრის სახლი.
    მოწამეთობის დღესასწაულის აღსანიშნავად, რომელიც 15 ოქტომბერს იმართება, მორწმუნენი იმერეთში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდანაც ჩამოდიან. ტრადიციულად, სურვილის ჩაფიქრების შემდეგ, მომლოცველები გაივლიან საძვალის ქვეშ და პატივს მიაგებენ წმინდანთა ნაწილებს.
    2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

Комментарии • 1