TSOTNE CHOKHELI - ძველი თარიღები
HTML-код
- Опубликовано: 22 дек 2024
- ძველი თარიღები
[ მძიმე ნაბიჯებით ჩემი კვალი მიმაქვს
და თან მარტოობის მდევენ აჩრდილები,
უკვე დავიცალე, ვფიქრობ, აცივდა და
შენ კი ჩემს მკლავებში აღარ მოექცევი.]
მაშინ უშენობა მალვით მომეპარა,
მე კი ისევ მახსოვს ძველი თარიღები,
წლები მოგონებად თვალზე ამეფარა
და ამ ფარდის მიღმა ჩემთან არ იქნები.
ალბათ, ჩანავლდება გრძნობის ნათება და
ყინვად გადმომავალ ნამქერს მოვედები,
თოვა სინანულის ლაქებს დამიფარავს,
მაგრამ მონატრებას როგორ მოვერევი?!
გამიცამტვერდება ყველა ოცნება და
ქვიშაგამოლეულ საათს შევედრები,
როგორც დამდეგ სითბოს სუსხი ირეკლავდა,
ისე გაზაფხულებს ვეღარ შევერევი.
ჩვენს ლანდს გაიყოლებს ჩვენი დროება და
ერთად ჩაგვითრევენ მისი მორევები,
ბოლო სანიშნიდან კალმით დაფერავს და
წიგნში ფურცლებს თეთრზე ლაქად დავედებით.
ბედის ირონია ყდაზე მიაწერს, რომ
ქარის მოტანილი ქარსვე გავატანე,
ქარმა ვერ წამგლიჯა ჩემი გრძნობები და
გრძნობის უკვდავების ბეჭდად დავატარებ.
ცოტნე ჩოხელი