ანჩისხატი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 17 ноя 2024
  • „უფალო, მეფე დაჩის შეხეწიე“- ეს წარწერა ქვის იმ ფილაზე იკითხება, რომელიც XX საუკუნის 60-იან წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად აღმოაჩინეს და რომელიც ადასტურებს მოსაზრებას, რომ ანჩისხატის ტაძარი სწორედ ის ყოვლადწმიდა მარიამის შობის სახელობის ეკლესიაა, რომელიც „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ქრონიკაში „მარიამწმიდა ეკლესიად“ მოიხსენიება, აშენებული VI საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის შვილის - დაჩი უჯარმელის მეფობისას.
    ანჩისხატის დღემდე შემორჩენილი ყველაზე ძველი საეკლესიო ნაგებობაა. ტაძარმა ჩვენამდე მრავალჯერ აღდგენილი და გადაკეთებული სახით მოაღწია. ანჩისხატის აგებიდან, ერთი საუკუნის შემდეგ თბილისი ბიზანტიელთა და ხაზართა გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო, რა დროსაც ტაძარი ძლიერ დაზიანებულა და 634 წელს ქართლის კათოლიკოს ბაბილას განუახლებია. ამავე წელს ტაძრის მახლობლად აუშენებიათ სასალე, რომელშიც მცხეთიდან გადაუტანიათ კათოლიკოსის რეზიდენცია. 1664 წელს, სამხრეთ საქართველოში თურქთა დამკვიდრების შემდეგ, ქართლის კათოლიკოსმა დომენტი III-მ თბილისელი ვაჭრისაგან შეიძინა კლარჯეთიდან, ანჩის მონასტრიდან, ჩამოტანილი ბექა ოპიზრის მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. მის ახალ ადგილსამყოფელად საკათოლიკოსო ტაძარი - ყოვლადწმიდა მარიამის შობის ეკლესია შეირჩა. სწორედ ამ დროიდან დამკვიდრდა მისი ახალი სახელი - ანჩისხატის ეკლესია. XVII საუკუნეში წარმოიშვა ტაძრის შემოგარენის სახელწოდებაც - „ანჩისხატის უბანი“. თბილისში შესასვლელი ერთ-ერთი გზა პირველად ამ უბანში შედიოდა. მის მთავარ (ახლანდელი შავთელის) ქუჩას ჯერ წყლისკარის, შემდეგ ანჩისხატის, XIX საუკუნეში კი მაცხოვრის ქუჩა ეწოდებოდა. ანჩისხატის უბანი ქართველ წარჩინებულთა სამოსახლო იყო. ტაძრის სამხრეთით მეფის სასახლე იყო აგებული.1675 წელს კათოლიკოს დომენტის ლოცვა-კურთხევით დაზიანებული ტაძარი კიდევ ერთხელ შეუკეთებიათ: აგურის წყობით შეუვსიათ კედლების ჩამონგრეული ზედა ნაწილები, ეკლესიაში აღუმართავთ აგურის მრგვალი ბოძები და მათზე დაყრდნობილი თაღები. 1683 წელს ეკლესია მოხატეს ნიკოლოზ კათალიკოსის თაოსნობით. რესტავრაციისას, საკურთხეველში, საუკუნის მხატვრობის ქვეშ აღმოჩნდა XVII ს-ის ფრესკების ნაშთი „მოციქულთ ზიარების“ სცენით. აფსიდის შუბლზე „ძირი იესოსი“-ქრისტეს გენეალოგია არის გამოხატული. სივრცეში შემორჩენილია XIX საუკუნის I ნახევრის მოხატულობა, რომელიც 1813 წელს დეკანოზ დიმიტრი ალექსი მესხიშვილის მიერ ტაძრის განახლების შემდეგ არის შესრულებული. იგი შუა საუკუნეებიდან ახალ დროზე გარდამავალი ხანის ქართული მხატვრობის ნიმუშია და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ისტორიის სცენების გამოსახვით არის განსაკუთრებით საყურადღებო. გადმოცემის მიხედვით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტაძარი - ყოვლადწმიდა მარიამის ეკლესია ერთადერთი იყო თბილისში, რომელსაც არაბთა ბატონობის დროს ზარების რეკვის უფლება ჰქონდა შენარჩუნებული. ამის გამო ძველად მას „ზარის საყდარსაც“ უწოდებდნენ. გვიან შუა საუკუნეებში ანჩისხატის ეკლესია სასულიერო და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. ქართველ უფლისწულთა აღზრდაც აქვე ხდებოდა.
    1755 წელს ერეკლე II-ის ხელშეწყობით ტაძართან საერო სკოლა და სასულიერო სემინარია ჩამოყალიბდა. ანჩისხატის ეკლესიის ეზოში მდებარე სემინარიის შენობას ასეთი ასომთავრული წარწერა ჰქონდა: „ვითარ საშინელ არს ადგილი ესე! ესე არა რაი არს, გარნა სახლი ღვთისა და ესე - ბჭე ზეცისა. მეფობასა თეიმურაზისასა და ძისა მისისა ერეკლესსა, პატრიარქობასა ანტონისსა, 1755 წლის 9 იანვარს“. სემინარიაში საღვთო სჯულსა და საეკლესიო ისტორიასთან ერთად გრამატიკას, პოეტიკას, რიტორიკას, ლოგიკას, ფიზიკას, ფილოსოფიას, არითმეტიკას, ქართულ ენას ასწავლიდნენ. ხშირად იმართებოდა საჯარო დისპუტები სამეცნიერო საკითხებზე. განსაკუთრებით გავრცელებული ყოფილა „კითხვა-მიგების“ მეთოდი. თვით ერეკლე II ხშირად ეწვეოდა ხოლმე სემინარიას და წარჩინებულ მოსწავლეებს აჯილდოებდა. სემინარიამ 1795 წლამდე, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამდე, იარსება. ამ დროს ეკლესია ძალიან დაზიანდა. იგი XIX საუკუნის დასაწყისში კვლავ აღადგინეს. 1814 წელს ტაძარი თავიდან მოუხატავთ. 70-იან წლებში ანჩისხატი ისევ შეაკეთეს. ამ დროს მას ყალბი გუმბათი დაადგეს და დასავლეთიდან მრავალსართულიანი სამრეკლო მიაშენეს.
    ანჩისხატის ეკლესიას რესტავრაცია 1958-64 წლებში ჩაუტარდა. უპირველეს ყოველისა, ტაძარს მოაშორეს XIX საუკუნის გუმბათი და ტლანქი სამრეკლო. გვიანდელი გადაკეთებებისგან გასუფთავდა ტაძარი. შიდა კედელზე მოიხსნა მხატვრობის ნაწილი. სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ნაგებობის უძველესი შრეები, მისი პირვანდელი იატაკი და XVII საუკუნის ფრესკების ფრაგმენტები. შენობას დაუბრუნდა ისეთი სახე, როგორიც სწორედ XVII საუკუნეში ჰქონდა. თბილისში დღემდე შემორჩენილი უძველესი საეკლესიო ნაგებობა - ანჩისხატის ბაზილიკა, რომელმაც ჩვენამდე მრავალჯერ აღდგენილი და გადაკეთებული სახით მოაღწია დღემდე მოქმედია. 29 აგვისტოს აღინიშნება ანჩისხატის ეკლესიის დღესასწაული, ანჩისხატობა.

Комментарии • 2