დავით აღმაშენებლის სახელობის თსუ-ს ეკლესია

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 15 окт 2024
  • XX საუკუნის დასაწყისში თბილისში, ვერის უბნის განაპირას აგებული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობა ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების აღორძინებისა და საქართველოში უმაღლესი განათლების სიმბოლოდ იქცა. ძეგლის მშენებლობა საკმაოდ რთულ ვითარებაში მიმდინარეობდა. სახელმწიფო ამ პროცესში არ მონაწილეობდა, რადგანაც მაშინდელ რუსეთის იმპერიას არ აინტერესებდა საქართველოში ისეთი ტიპის დაწესებულებების დაარსება, რომელიც ეროვნული თვითშეგნების გაღვივებისა და ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებულ სწავლა-განათლებას შეუწყობდა ხელს. ამასთან, ეს უზარმაზარი შენობა იმ დროს თავის სიდიდითაც გამორჩეული იყო, ამიტომაც ამ მასშტბის არქიტექტურული ნაგებობის აშენება მაშინდელ საზოგადოებას არარეალურად მიაჩნდა. მხოლოდ ერთეულთა რწმენის, ოპტიმიზმისა და ღვაწლის გვირგვინია პირველი ქართული გიმნაზიის შენობა, რომელშიც მოგვიანებით ქართული უნივერსიტეტი გაიხსნა.
    1900 წელს თბილისის ქართული გიმნაზიისთვის ახალი შენობის აგება ჯერ კიდევ თბილისის მაშინდელ გარეუბნაში - ვაკეში ხუროთმოძღვარ სვიმონ კლდიაშვილის პროექტის მიხედვით დაიწყო. ამავე წლის 14 ოქტომბერს იკურთხა პირველი ქართული გიმნაზიის, ახლანდელი უნივერსიტეტის მთავარი შენობის საძირკველი. პარაკლისი კალისტრატე ცინცაძემ გადაიხადა, რომელიც მაშინ ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი იყო.
    მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო, როცა სამშენებლო კომიტეტმა საჭიროდ მიიჩნია შენობის გაფართოება. მაშინ კლასებთან ერთად აქ დაემატა ეკლესია ვესტიბიულის თავზე. გაზეთი „სახალხო საქმე“ 1918 წლის 2 იანვარს წერდა, რომ რადგანაც ამ დღეს დავით აღმაშენებლის დღეობაა და ქართული გიმნაზიის ეკლესიაც მის სახელობაზე ყოფილა აგებული, ამ ტაძარში საკათალიკოსო წირვა სრულდებოდა. წირვის შემდეგ პარაკლისი გადაუხდიათ. სამწუხაროდ, თბილისის გიმნაზიის დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიამ მხოლოდ 1920 წლის ზაფხულამდე იარსება.
    გიორგი ჩუბინაშვილის ცნობით, უნივერსიტეტის საწყობად ქცეული ეკლესია, ყოფილი სამლოცველო, რომელიც კარგად განათებული დარბაზისგან, 4 მასიური პილონისა და ცენტრში არსებული გუმბათისგან შედგებოდა, არქიტექტორ სევეროვის მჭიდრო თანამშრომლობით სამუზეუმო ექსპოზიციისთვის გადაკეთდა. მოგვიანებით, სამლოცველოს გუმბათის ქვეშ არსებული სივრცე ლრ სართულად გადაკეთდა და მასში 1924 წლიდან ქართული ხელოვნების მუზეუმმა დაიწყო ფუნქციონირება.
    1995 წელს უნივერსიტეტის ეზოში არქიტექტორ გიორგი მარსაგიშვილის პროექტის მიხედვით ახალი ტაძარი აიგო. ტაძარი ამავე წლის 5 სექტემბერს ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტმა დანიელმა წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელზე აკურთხა.
    წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოს სიღრმეში დგას. მშენებლობა 1995 წელს დასრულდა და ინტერიერიც ამავე წელს მოიხატა ა. გოგლიძის მიერ. ,,თავისუფალი ჯვრის” ტიპის ეკლესია ბაზალტის ორსაფეხურიან ცოკოლზეა აღმართული. კედლები მოყვითალო ფერის სუფთად თლილი ქვიშაქვის ფილებითაა მოპირკეთებული, ალაგ-ალაგ კი უფრო ცივი ტონალობის-ღია მონაცრისფრო-ცისფერი ქვებია ჩართული. მცირე ზომის ნაგებობას ერთადერთი შესასვლელი დასავლეთის მკლავის ცენტში აქვს. ინტერიერი ოთხივე ფასადზე გაჭრილი თითო-თითო ვიწრო სარკმლისა და გუმბათის ოთხი სარკმლის მეშვეობით ნათდება. ეს უკანასკნელნი განიერი წახნაგის კედლის სიბრტყესთან მონაცვლეობენ. ფასადები სადაა, მხოლოდ შესასვლელი კარის ლუნეტს ამკობს განედლებული და წრეში ჩაწერილი ჯვრის რელიეფური გამოსახულება.
    ტაძრის ეზოში მდებარეობს მე5-მე6 საუკუნეების ბაზალტის სტელა ახალქალაქის ნასოფლარ დანკალიდან. მასზე გამოსახულია წმინდანის ფიგურა, სიცოცხლის ხე და ჯვარი ბოლოებგაფართოებულიმკლავებით.
    წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ახალი ტაძარი ჯვარგუმბათოვანია და სამწვერისის ეკლესიის შემცირებულ მოდელს გავს. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით ორ სართულიანი სამრეკლოა აღმართული, მის საპირისპირო მხარეს კი ნაკურთხი წყლისათვის ტოლმკლავა ჯვრის ფორმის აუზია მოწყობილი. წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია ჯმუხი აგებულებით, ფორმათა სისადავითა და კომპოზიციის გაწონასწორებული ხასიათით, სიმეტრიული გადაწყვეტით გამოირჩევა.

Комментарии • 1