ტბეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი
HTML-код
- Опубликовано: 3 ноя 2024
- ტბეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი - შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში. მონასტრის მთავარი ტაძარი წარმოადგენდა შავშეთის საერისთავოს მთავარ ჯვარგუმბათოვან ეკლესიას. მდებარეობს თანამედროვე თურქეთში, მდინარე იმერხევის მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელი ქალაქი შავშათიდან 15 კილომეტრში, სოფელ ტბეთის (თურქული სახელწოდება Cevizli, ჯევიზლი, ნიშნავს „კაკლიანს“) შუაგულში. პირველი ტაძარი აქ X საუკუნეში ერისთავთერისთავი აშოტ კუხის მიერ აიგო. მანვე დანიშნა ტბეთის პირველი ეპისკოპოსი სტეფანე მტბევარი. XI საუკუნეში ეპისკოპოსმა საბა მტბევარმა ააგო ციხესიმაგრე და დაიცვა მხარე ბიზანტიის აგრესიისაგან. მას შემდეგ სამეფო ხელისუფლებამ მტბევარ ეპისკოპოსს საერო ხელისუფლებაც - შავშეთის ერისთავობაც ებოძა[1]. ტბეთის მონასტერი შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ, სამწერლობო კერას წარმოადგენდა. შეიქმნა არაერთი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები აქ მოღვაწე ბერების მიერ. ტბეთის მონასტერი რამდენიმე სამონასტრო ნაგებობას მოიცავდა, რომელთაგან დღეისათვის მხოლოდ მთავარი ტაძრის ნანგრევებია შემორჩენილი. ტბეთის მთავარ ტაძარში გამოიყოფა რამდენიმე ქრონოლოგიური ფენა მშენებლობისა. მონასტერი XVII საუკუნის II ნახევრამდე მოქმედებდა, შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ ტაძარში მუსულმანური სალოცავი გახსნა, რომელიც XIX საუკუნის მიწურულამდე ფუნქციონირებდა. ტაძარი ამჟამად მნიშვნელოვნად დაზიანებულია.