სალოტბარო სკოლების გაცვლით პროგრამა ლენტეხში
HTML-код
- Опубликовано: 10 дек 2024
- კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ლენტეხმა სალოტბარო სკოლების გაცვლით პროგრამას უმასპინძლა
1-3 ივნისს ლენტეხმა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საჩხერისა და გორის სალოტბარო სკოლებისა და ალვანის ფოლკლორის სახლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლა. სალოტბარო სკოლების გაცვლითი პროგრამა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. იდეა სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ეკუთვნის, რომელიც გაცვლითი პროგრამის ორგანიზატორია.
პროექტის გახსნის ღონისძიება 1 ივნისს ლენტეხში გაიმართა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა სადღესასწაულო მსვლელობა. ღონისძიებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და სალოტბარო სკოლის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
სამი დღის განმავლობაში გაიმართა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები. სალოტბარო სკოლების მოსწავლეები გაეცნენ განსხვავებულ ტრადიციებს, ყოფა-ცხოვრებას, სვანეთის კულტურულ მემკვიდრეობას, ჩატარდა მასტერკლასები.
პროგრამაში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეთა მშობლებიც. სამი დღის მანძილზე 120 მოსწავლე ლენტეხის სალოტბარო სკოლის მოსწავლეების ოჯახებში ცხოვრობდა.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და ინიციატივით სალოტბარო სკოლების გაცვლითი პროგრამის ღონისძიებები უკვე მესამედ იმართება.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით სალოტბარო სკოლების მოსწავლეები არაერთ შემოქმედებით თუ შემეცნებით პროექტში მონაწილეობენ. მიმდინარე წელს მეოთხედ გაიმართება სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“. სკოლებს შორის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები ერთმანეთის უკეთ გასაცნობად და სხვა კუთხის სიმღერების შესასწავლად ესტუმრებიან სხვადასხვა რეგიონს და გაეცნობიან მის კულტურასა თუ წეს-ჩვეულებებს. მთელი წლის მანძილზე სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა კონცერტების ციკლს უმასპინძლებს ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზები თბილისსა და ოზურგეთში. კონცერტებში, რეგიონების ანსამბლებთან ერთად, თბილისის ბავშვთა ანსამბლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ინფორმაციისთვის: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით დღეს ქვეყანაში 30 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, რომლებშიც უფასოდ ისწავლება ქართული ტრადიციული გალობა, საკრავებზე დაკვრა და ხალხური სიმღერა. სამინისტროსთვის ამ დარგის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია.
სწორედ ამ მიზნით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სალოტბარო სკოლებს სტუმრობს და მათ საჭიროებებს ეცნობა.
სალოტბარო სკოლების გახსნის იდეა დიდ ქართველ მოღვაწეს, ლოტბარსა და კომპოზიტორს, ანზორ ერქომაიშვილს, ეკუთვნის. პირველი სკოლა მისი თაოსნობით 2015 წელს ქ. ამბროლაურში გაიხსნა, დღეს კი მთელ საქართველოში ათასზე მეტი მოზარდი სახელმწიფოს მხარდაჭერით უსასყიდლოდ სწავლობს ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას.