Alexandre Che Lordkipanidze - Gvalva

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 11 сен 2024
  • გვალვა
    ღმერთო,
    მოგმართავ შენ,
    მომიმართავს რამეთუ არაერთხელ
    და არც ორჯერ
    და არც არასდროს..
    მოგმართავ თხოვნით,
    ან ვედრებით,
    ან განცხადებით,
    მოგმართავ პროტესტისა და სხვათა ნიშნად,
    რომ შენ ნიშნებს დაუმატო ჩემი ნიშნებიც,
    რომ მოხვიდე და თქვა,
    რაც არ გითქვამს აქამდე და არც იქამდე,
    ვიდრე ამას გეტყოდი მე.
    ღმერთო,
    ეს გრძელი შესავალიც უადგილოა,
    ისევე, როგორც ჩემი მომართვა,
    ამჩნევ, იწელებიან ჩემი ფრაზები,
    იწელებიან და ჯვარცმასავით მედებიან ზურგზე, სიცხეში,
    ოღონდ პირიქით, ღმერთო,
    ახლა ისინი მზიდავენ გოლგოთისაკენ..
    ღმერთო,
    ვმკრეხელობ,
    ჰო, ვმკრეხელობ, რადგან სხვა რწმენა
    არ არსებობს, არსად, არასდროს,
    გარდა რწმენა ჩემი თითების, შენი თმების,
    შენი უთმობის, ღმერთო..
    მე და შენ ვზივართ ერთ გრძელ სკამზე,
    გადებულზე ჩემსა და შენს სამყაროებს შორის,
    ვზივართ, ფეხებს ვაქანავებთ და
    ქვემოთ ლავაა, ქვემოთ ზღვაა, ქვემოთ კვდებიან,
    მე და შენ კი კენჭებს ვისვრით
    და კენჭებიც რომ ქვემოთ ეცემათ, მომაკვდავებს, მოცურავეებს,
    ჩვენ ხომ არ გვახსოვს, ღმერთო,
    ჩვენ ხომ ვთამაშობთ.
    აბა, მითხარი,
    სად ვიპოვე შენი სახლი,
    სად ვიპოვე შენი სახელი,
    სადაც ყველაფერს ასრულებდნენ სიტყვით „ოლეე",
    სადაც ყველას ასრულებდნენ სიტყვით „ოლეე",
    და მე ვთქვი: „ოლე, ოლე, ლამა საბაქთანი"..
    ღმერთო,
    მე გიშვებ,
    გიშვებ ჩემში, ჩემგან, ჩემს გარშემო,
    გიშვებ ჩემი სიტყვების ეზოში,
    როგორც ჩემს შვილს,
    როგორც შენ მიშვებ შენს ეკალ-ბარდებში,
    მეც გპირდები, რომ შორს არ წავალ
    და შენც დამპირდი..
    ღმერთო,
    ღმერთო,
    ჩემი ფანჯრის რაფაზე მტრედების ნაცვლად
    სეტყვის გორგლები ცვივა,
    სიტყვის გორგლები ცვივა,
    ღმერთო, ღმერთო,
    აღარ გვაქვს მზე,
    აღარ გვაქვს მზე,
    აღარ..


    (ლექსი გუშინ, თუ გუშინწინ დავწერე, არ მახსოვს. დღეს საშინელი ამბავი მოხდა, ჩემმა მეგობარმა, დათო ტოროშელიძემ თავი მოიკლა. დღეს ლექსს გადავხედე, მივხვდი, რომ რაღაცით დათოს ჰგავს.. ვუძღვნი.)

Комментарии •